ჯოკონდას დაბადების თარიღი შეიცვალა



36.jpgლუვრის ექსპერტებმა მრავალი კვლევა აწარმოეს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ „ჯოკონდას“ შესაქმნელად ლეონარდო და ვინჩი 10 წელიწადზე დიდხანს მუშაობდა.

სხვადასხვა გამოცემების ცნობით, ლუვრმა „ჯოკონდას“ დაბადების თარიღთან დაკავშირებული ცვლილებები დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ცნობით, „მონა ლიზა“ 1503- 1506 წლებში იქმნებოდა, ახლა კი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ და ვინჩი პორტრეტზე 1503-1519 წლებში მუშაობდა.

აღნიშნულ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ლუვრში ლეონარდო და ვინჩისთან დაკავშირებით, რამდენიმეთვიანი კვლევები ჩატარდა. ნახატების „წმინდა ანა მადონასთან და ახალშობილ ქრისტესთან ერთად“ და „მონა ლიზას“ კვლევებმა აჩვენეს, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები ერთსა და იმავე დროში შეიქმნა.

ექსპერტებს მრავალმა დეტალმა მიაღებინა აღნიშნული გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადღებამისაქცევი ის პეიზაჟია, რომელიც პორტრეტის უკანა ფონზეა გამოსახული. იგი შეესაბამება 1515-20 წლებში არსებული სამეფო სასახლის მიდამოებს.

ყველაფერთან ერთად, დასრულდა სურათის, „წმინდა ანა მადონასთან და ახალშობილ ქრისტესთან ერთად“ აღდგენა. აღნიშნული პროექტი ბიზნესმენმა ბარი ლემ დააფინანს. ეს უკანასკნელი ჩინური ხელოვნების მოყვარული და კოლექციონერი გახლავთ.

„მონა ლიზას“ ორიგინალი კვლავ ლუვრშია გმოფენილი, მაგრამ ცვლილებებია შესული მისი შექმნის თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის გასაკეთებლად კი, ექსპერტებს მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდათ. მათ მცირე კვლევები ჩაატარეს ზემოთაღნიშნული ნახატების ორიგინალებზე, საქმიანობის გაგრძელება კი ნახატების ასლების მეშვეობით შეძლეს.